იფიქრეთ ზურგის მაკიაჟზე - 2 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » იფიქრეთ ზურგის მაკიაჟზე
2:12 PM
იფიქრეთ ზურგის მაკიაჟზე
იფიქრეთ ზურგის მაკიაჟზე
თუ როგორი კანი გვაქვს ზურგზე, ამაზე მხოლოდ მაშინ ვიწყებთ ფიქრს, როცა მისი გამოჩენის დრო დგება. მისი ჩვენება დღესასწაულებსა და საღამოებზე არცთუ იშვიათად გვიწევს. ყველაზე ლამაზი და სექსუალური საღამოს კაბა ღია ზურგითაა.

ზურგამოღებული კაბების ჩაცმა მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყეს. მანამ ზურგი კორსეტით იყო დაფარული. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ყველაზე სექსუალური გამოსასვლელი კაბა ის კი არ არის, რომელიც მკერდსა და ფეხებს გამოაჩენს, არამედ, რომელიც ზურგს აშიშვლებს. კაბა ღია ზურგით - ეს პროვოკაციაა, მოკრძალებისა და ურცხვობის თამაშია. წინა მხარეს ყველაფერი დაფარულია, უკან კი ღია... ორაზროვნება ყოველთვის მიმზიდველია.

ზამთრის ტანსაცმელი და ცენტრალური გათბობა კანის სითბურ გადატვირთვას იწვევს. სხეულზე კანი შრება და იქერცლება. კანი უნდა იყოს იდეალური - გარეგნულად სუფთა და გლუვი, შეხებით - ხავერდოვანი. ზურგის გასუფთავება-დატენიანებაზე რეგულარული ზრუნვა აუცილებელია.

ზურგი არანაკლებ მგრძნობიარეა, ვიდრე მკერდი. ზურგზე ასობით ნერვული დაბოლოებაა განლაგებული, ამიტომ არის, რომ ყველა ხერხემლიანი ძუძუმწოვარა ფხანისა და ზურგზე ხელის გადასმის პროცესს აღმერთებს. ის არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა, რეგულარული გაწმენდა - პირველი ნაბიჯია იდეალური, გლუვი კანისკენ. 

გამოიყენეთ ჯაგრისი, სახეხი, რაც გნებავთ, ამერიკელი კოსმეტოლოგები თვლიან, რომ სხეულზე კანის ყოველდღიურად გაცლა შეიძლება და საჭიროცაა. რაც უფრო ინტენსიურად ვასუფთავებთ კანს, მით უფრო სქელდება მისი დამცავი აპკი, ამიტომ შეარჩიეთ მსუბუქი საშუალებები. პროცედურის შემდეგ სხეულზე კრემი ან კოსმეტიკური რძე წაისვით.

მიეჩვიეთ სხეულის მოვლას: სახისგან განსხვავებით, სხეულს ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. შეიძლება იმიტომ, რომ აკრობატის მოქნილობა გვაკლია, ზურგზე გამწმენდი კრემი რომ წავისვათ. თეთრი თიხის ნიღაბი ფორებს ასუფთავებს და კანის ფერსა და ხარისხს აუმჯობესებს.

ზურგზე შეიძლება გამოიყენოთ იგივე ნიღაბი, რასაც სახეზე იკეთებთ. თუ ამის გაკეთება დამოუკიდებლად გიჭირთ, სთხოვეთ მეგობარს ან წადით სილამაზის სალონში. ახლა ბევრი სალონი გთავაზობთ კოსმეტიკურ მომსახურებას სპეციალურად ზურგისთვის: პილინგს, ნიღბებსა და სხვა პროცედურებს.

სხეულზე, ისე როგორც სახეზე, შერეული კანი გვაქვს. ზურგის ზედა ნაწილსა და მკერდზე ქონის ჯირკვლების ყველაზე დიდი რაოდენობა და ფართო ფორებია. კანის სიმშრალე ან ცხიმიანობა არაესთეტიკურია და სამედიცინო პრობლემაა.

კანის სიმშრალე ხშირად ჰორმონალური მიზეზითაა გამოწვეული, ხოლო ცხიმის ჯირკვლების ზეაქტიურობა - ენდოკრინული, იმუნური ან ნერვული სისტემის დარღვევებით. სანამ ზურგამოღებულ კაბას ჩაიცვამთ, იფიქრეთ მის მაკიაჟზე. მცირე ლაქები და სიწითლე ოქროსფერი ტონალური კრემით დაფარეთ.
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 460

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ