– რას მოითხოვს 2010 წლის მოდა - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » – რას მოითხოვს 2010 წლის მოდა
10:56 AM
– რას მოითხოვს 2010 წლის მოდა
– რას მოითხოვს 2010 წლის მოდა
დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ 2010 წელს გარდერობი რადიკალურად შეიცვალოს. ასე რომ, მათ, ვისაც იმედი ჰქონდათ, გასული წლის სამოსი მომავალშიც გამოადგებოდა, სამწუხაროდ, იმედი უნდა გავუცრუოთ. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა მათთვისაა საინტერესო, ვინც მოდის ტენდენციებს ულაპარაკოდ და ბრმად მისდევს. თუ რითი იქნება გამორჩეული 2010 წელი, რისი შეცვლა და განახლება დასჭირდებათ ქალბატონებს, დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძისგან შეიტყობთ.

– პირველ რიგში, მთავარი კითხვა – რა ფერი იქნება 2010 წელს მოდაში?


– ეს წელი გამოირჩევა კონკრეტულად სამი ფერით, რომლებიც აუცილებელი და სავალდებულოა. ეს იქნება – ოქროსფერი, თეთრი და, რა თქმა უნდა, შავი. სეზონის პირველ ნაწილში, ანუ გაზაფხულ–ზაფხულის სეზონში საკმაოდ კარგი დოზით არის წითელი ფერი. შემოდგომა–ზამთრის სეზონში კი წითელი ფერის ნაცვლად მოდაში შემოდის მუქი, "ელექტრიკი" ლურჯი, რომელიც ფაქტობრივად აუცილებელი იქნება, რომ ქალის გარდერობში იყოს.

– კაბის სიგრძეს რაც შეეხება, ამ მხრივაც რადიკალური ცვლილებებია?

– გაზაფხულ–ზაფხულის სეზონში ძალიან მოკლე კაბა შემოვა, იმდენად მოკლე, რომ შეიძლება, დაჯდომის დროს მთელი ფეხი გამოჩნდეს.

– როგორ გგონიათ, ქართველი ქალებისთვის ეს სიგრძე მისაღები იქნება?

– საქართველოსთვის სილუეტებს ალბათ 10–15 სანტიმეტრით დავაგრძელებთ.

– მთელი წელი ასე მოკლე სამოსი იქნება მოდაში?

– 2010–2011 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონზე კაბის სიგრძე საკმაოდ დაგრძელდება, თუმცა მუხლის ქვემოთ არ ჩამოვა, მუხლზე ჩერდება.

– წელის მოყვანილობა როგორი იქნება?

– სილუეტი წელში აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული, ანუ ქალურობა არ უნდა დაიკარგოს.

– ე. წ. ლიპები ანუ სამხრეები ისევ შემოდის მოდაში?

– კი, დიდი სამხრეები იქნება მოდაში და იმედი მაქვს, რომ ქართველი ქალები თამამად და კარგად აითვისებენ.


აქსესუარებზეც ვისაუბროთ.

– დიდი და მასიური. თეთრი მარგალიტის დიდი ქვები, რაც შეიძლება ბევრი ჯაჭვი და ა. შ. ანუ ყელი საკმაოდ დატვირთული იქნება. სამაგიეროდ ამის ხარჯზე დიდდება დეკოლტე, თან იმდენად, რომ მხრებიც გამოჩნდება. მკერდიც საკმაოდ კარგად უნდა ჩანდეს.

– სამოსი სადა თუ რაიმე დეტალებით გაწყობილი?

– იქნება მეტალის აქსესუარები, რომლებითაც კაბის ძირითადი ნაწილი გაეწყობა. ძალიან მოდური და ლამაზი იქნება.

– წინა სეზონის სამოსიდან რისი გამოყენება შეგვეძლება?

– თითქმის არაფერი გამოგვადგება, რადგან ყველაფერი რადიკალურად არის შეცვლილი, დაწყებული ქსოვილის ფაქტურიდან, დამთავრებული სილუეტით, ყველაფერი აბსოლუტურად შეცვლილია.

– ეს ფეხსაცმელებსაც ეხება?

– რა თქმა უნდა, ეხება. ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 14–15 სანტიმეტრზე ავიდა. იმედია, საფრანგეთში ჩვენი ტრენინგის კონსულტანტები მომავალ წელს არ გვეტყვიან, რომ ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 20–25 სანტიმეტრამდე გავზარდოთ.


ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ქალები ოჩოფეხებზე შეაყენონ.

– ჰო, მთავარია, ქალბატონები მეორე–მესამე სართულის სიმაღლეზე არ ავიდნენ! მოკლედ, ასეთ სამოსში გატარებული 2010 წელი მხიარული და ლამაზი იქნება.

– ქართველი ქალები ახალ ტენდენციებს როგორ ითვისებენ ხოლმე?

– სხვათა შორის, ძალიან მარტივად. ისინი ითვისებენ იმას, რაც მოდურია. რა თქმა უნდა, მთავარია, სწორად მიაწოდო. ის ქალბატონები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემთან იმოსებიან, მენდობიან და მიჯერებენ, რადგან ჩემს ინტერესებშია, ქალები იყვნენ ძალიან მოდურები და ლამაზები.

– ახალი წლის ღამეს როგორი სამოსით უნდა შევხვდეთ?

– აღმოსავლური ჰოროსკოპით, ვეფხვის წელი მოდის, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ მე ვეფხვის ორნამენტებიანი სამოსი გავაკეთე. ჰოროსკოპის მიხედვით სამოსს არასოდეს ვქმნი, რადგან მე ვაკეთებ მოდას და არა – ერთჯერად სამოსს. ამისთვის არსებობს კარნავალის კოსტიუმები, რომლითაც შეიძლება, რომ შეიმოსო. ამას ჯერჯერობით არ ვაკეთებ და იმედია, არც არასოდეს გავაკეთებ.

– ცვლილებები ვარცხნილობაშიც იქნება?

– ვარცხნილობას რაც შეეხება, იქნება ნაზი, უკან გადაწეული და შეკრული თმა.

– 2010 წლის მოდა ქართველი ქალის სილუეტს რამდენად შეეფერება?

– მინდა გითხრათ, რომ შეეფერება. ჭკვიანი ქალი ყოველთვის კარგად მოირგებს მოდელს და მოდიდან იმას აიღებს, რაც უხდება.

– წლების წინ თეატრებში მაყურებელი ჯინსებით დადიოდა. ახლა ეს ტენდენცია რამდენად შეიცვალა და საღამოს კაბებისთვის რამდენად ხშირად გაკითხავენ?


– ბოლო ერთი წელია, რაც გრძელი კაბების შეკვეთებმა საგრძნობლად მოიმატა. თეატრებსა და ქორწილებში უკვე ხშირად შეგხვდებიან გრძელ კაბებში გამოწყობილი ქალბატონები. ახლა ამის საშუალება უკვე არის, რადგან შენობები, თეატრები გაათბეს და აღარ არის საჭირო, როლინგებით დაჯდე. ოპერაში, უკვე იშვიათად, რომ ჯინსებში ჩაცმული ადამიანი ვნახო.

– თქვენი ოჯახი ახალ წელს როგორ ხვდება?

– მე ყოველთვის ერთად ვხვდებით. წელს მეუღლესთან, ბავშვთან და ძაღლთან ერთად შევხვდები. შემდეგ უკვე გარეთ გავდივართ. ძაღლთან ერთად ახალ წელს პირველად ვხვდებით. ყველას ძალიან გვიყვარს და საახალწლოდ რაღაცეებს ჩავაცვამთ.

– თქვენს მეუღლეს, ხათუნას, ახალი წლისთვის ალბათ ახალ კაბას შეუკერავთ.

– საერთოდ, ყველა ქალს ვურჩევ, რომ ახალ წელს ახალი კაბით შეხვდნენ. რაც შეეხება ხათუნას, მას ყოველთვის ახალი კაბა აცვია. ფაქტობრივად, ერთსა და იმავე სამოსს ორჯერ არ იცვამს.

– თქვენს გოგონას როგორი კაბა ეცმევა?

– თეთრი, ულამაზესი დედოფლის კაბა ეცმევა. თოვლის პაპას შეუკვეთა, რომ მოუტანოს ანგელოზის თეთრი ფრთები. ამ შემთხვევაში თოვლის პაპა ბებია იქნება, მან უყიდა ეს საჩუქარი. ასე რომ, ჩემს პატარას თეთრი კაბა და ანგელოზის ძალიან დიდი ფრთები ექნება.

– საახალწლო სუფრას როგორ გააწყობთ?

– ტრადიციულად. გვექნება ლამაზი აქსესუარები. მიყვარს, როცა მაგიდაზე ლამაზი აქსესუარები დევს. როცა სტუმრები მოდიან, ამას ყოველთვის აღნიშნავენ ხოლმე.

– თავად თუ მოამზადებთ რაიმე კერძს?

– ვერა, რადგან ძალიან დაკავებული ვარ.

– საერთოდ სამზარეულოში რაიმეს მომზადება გეხერხებათ?

– კი, შემიძლია და წლების განმავლობაში ვამბობ, მე საჭმელებს ვაკეთებ და რეცეპტებსაც ვიძლევი, მაგრამ უკვე ათი წელია, არაფერი გამიკეთებია და, მგონი, აღარც სჯერათ, რომ ოდესმე რამეს ვაკეთებდი. ადრე გემრიელ ხორციან კერძებს ვამზადები. ახლა კი უკვე აღარ ვიცი, სამზარეულოში გამომივა თუ არა რამე.

კატეგორია: მოდური ტენდენციები | ნანახია: 1141

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ