როგორ შევარჩიოთ სწორად სამოსის ფერი - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » როგორ შევარჩიოთ სწორად სამოსის ფერი
11:07 AM
როგორ შევარჩიოთ სწორად სამოსის ფერი
როგორ შევარჩიოთ სწორად სამოსის ფერი
დერბის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ახლახან ბრწყინვალე აღმოჩენა გააკეთეს, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ცხოვრებაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს ფერები და ეს არანაირ კავშირშია არც სქესთან, არც ნაციონალობასთან და არც კულტურასთან.

გაინტერესებთ, ცხოვრების რა ეტაპზე რა ფერის სამოსს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა? მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ სტატია.

ქალი წითლებში

წითელი ომის, სისხლის და სიყვარულის ფერია. წითელ ფერებში ჩაცმული ქალი აღიქმება თამამად, საკუთარ თავში დარწმუნებულად და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონედ, რომელიც მუდმივად მზადაა სიახლეებისთვის. ასეთი ქალი ყოველთვის ახერხებს ყურადღების მიპყრობას და გარშემომყოფებში ინტერესს იწვევს.

წითელი ყველაზე ძლიერი ფერია, რომლის აღქმა–შეგრძნებაც ადამიანს თვალდახუჭულსაც შეუძლია. თუ მცირე დროით წითლის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით, ხშირდება გულისცემა, ხოლო უფრო ხანგრძლივად ზემოქმედების დროს წნევა მაღლა იწევს, პულსი ძლიერდება და სისხლში ადრენალინი მატულობს.

როდის ვატაროთ – წითელი სამოსი იშვიათად და მოკრძალებულად უნდა ვატაროთ ან გამოვიყენოთ მცირე დეტალის სახით. არ ღირს წითელი სამოსის ჩაცმა, თუ წინ სერიოზული და ხანგრძლივი მოლაპარაკებები გველის. თუ კონკრეტული ადამიანის ყურადღების მიქცევა გვსურს, ამ შემთხვევაში მიზნის მიღწევაში ნამდვილად დაგვეხმარება. ასეთ დროს საღამოს კაბის ჩაცმა განსაკუთრებულად ეფექტურია, რადგან ღამის საათებში უფრო მეტი შარმს შეგვძენს.

ქალი ცისფერებში

ეს ფერი მნიშვნელოვნად გვეხმარება დაღლილობისა და დაძაბულობის მოხსნაში, თუმცა საქმე არც მთლად ასე მარტივადაა, რადგან ცისფერმა შესაძლოა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები მოგვიტანოს. მაგალითად, მკვეთრი ცისფერი მოსაუბრეს თქვენთან მეტი სიახლოვის სურვილს უღვიძებს, შესაძლოა სექსუალური სურვილების აღძვრასაც შეუწყოს ხელი. მუქმა ცისფერმა კი შეიძლება ისე დაგვთრგუნოს, რომ დეპრესიაშიც კი ჩავვარდეთ.

როდის ვატაროთ – მუქი ცისფერის ტარება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია რეკომენდებული და ისიც თეთრთან კომბინაციაში. ღია ცისფერთან მიმართებაში კი შეზღუდვები არ არსებობს.

ქალი შავებში


პატარა ბავშვმა აბსოლუტურად შავებში ჩაცმული ადამიანის მიახლოებისას შესაძლოა ტირილი დაიწყოს. ასაკის მატებასთან ერთად ის ნელ–ნელა ხვდება, რომ ამ ფერს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველი, სხეულს ბევრად ლამაზად წარმოაჩენს და ჭარბი წონის შემთხვევაში ამ ნაკლს ოსტატურად ფარავს.

რაც შეეხება შავის გავლენას ხასიათზე, აქ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არაა. ურთიერთობებში დისტანციის წარმოქმნას უწყობს ხელს, უარყოფითად მოქმედებს ხასიათზე და თანამოსაუბრეებზე ნეგატიური გავლენა აქვს.

როდის ვატაროთ – როცა გვსურს, აქცენტი ჩვენს პერსონაზე გაკეთდეს. სასურველია, წითელ და ყვითელ აქსესუარებთან ერთად გამოვიყენოთ.

ქალი პასტელის ფერებში

პასტელის ფერები ადამიანს სინაზეს მატებს. ასეთი ფერები დადებით, თბილ და მოსიყვარულე განწყობას აღძრავს. პასტელის ფერებში გამოწყობილის გვერდით თავს უნებურად მშვიდად, დაცულად ვგრძნობთ, მისდამი ნდობა გვიძლიერდება.

როდის ვატაროთ – პასტელის ფერის სამოსის ტარება სასურველია რეგულარულად. თუნდაც მცირე დეტალმაც კი, მაგალითად, ცხვირსახოცმა, შარფმა შესაძლოა დადებითი ემოციებით აგვავსოს.

ქალი ყვითლებში

ისევე, როგორც მზის სხივები, ყვითელიც სითბოს, სინათლის, სიმშვიდის შეგრძნებას გვმატებს. ამაღლებს გუნება–განწყობას და პოზიტიურისკენ გვიბიძგებს. ეს ფერი თანამოსაუბრესთან თავდაჯერებულს წარმოგვაჩენს და უშუალო ურთიერთობების დამყარებაში გვეხმარება.

როდის ვატაროთ – იმისთვის, რომ თბილი და დადებითი განწყობა შევუქმნათ როგორც თანამოსაუბრეს, ისე გარშემომყოფებს, უპრიანი იქნება, თუ სადა ფერის სამოსთან რაიმე პატარა დეტალით ყვითელ ფერსაც შევიტანთ.

ქალი მწვანეში

სიმშვიდის მომტანი და ყველაზე კეთილი ფერია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის სტაბილურობის შეგრძნებას გვმატებს. ხსნის დაძაბულობას და გაღიზიანებას. ტყუილად კი არ ატარებს ექიმების დიდი ნაწილი მწვანე ფერის ფორმას. მწვანეში გამოწყობილი ადამიანი დადებითად აღიქმება, მაგრამ მასთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი ნაკლებად ჩნდება.

როდის ვატაროთ – სიტუაციის მიხედვით, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ გვსურს, ადამიანზე დადებითი ეფექტი მოვახდინოთ.

ქალი თეთრებში

როდესაც თეთრზეა საუბარი, რატომღაც ყველას, პირველ რიგში, თვალწინ საქორწილო კაბაში გამოწყობილი პატარძალი წარმოგვიდგება. ეს ბუნებრივია, რადგან თეთრი უმანკოებასთან, სისუფთავესთან, სიმშვიდესთან ასოცირდება. არის შემთხვევები, როცა თეთრებში გამოწყობილი ადამიანის დანახვისას ჩვენდაუნებურად დისტანციას ვიჭერთ. თითქოს მისგან სიცივე და სიმკაცრე გამოსჭვივის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.

როდის ვატაროთ – ჯობია, ქათქათა თეთრის ნაცვლად რძისფერს, სპილოს ძვლისფერს, კრემისფერ ტონალობებს მივანიჭოთ უპირატესობას. ისინი გაცილებით ნაკლებად მკაცრი და ცივი ფერებია და მათთან სხვა ფერის სამოსის შეხამება ადვილია.



კატეგორია: რჩევები | ნანახია: 475

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ