რომელი ფეხბურთელები გაძვირდნენ ევროპაში - 29 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » რომელი ფეხბურთელები გაძვირდნენ ევროპაში
8:02 PM
რომელი ფეხბურთელები გაძვირდნენ ევროპაში
რომელი ფეხბურთელები გაძვირდნენ ევროპაში
1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი") – 70 მილიონი ევრო. იმავე თანხად პორტუგალიელიც შეფასდა და ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ რონალდუმ გუნდი და ქვეყანა გამოიცვალა და დაამტკიცა, რომ ბურთის გორება მხოლოდ ინგლისში და „მანჩესტერში" არ შეუძლია. ამასთან, გუნდური თამაშის კოეფიციენტი რონალდუს მესიზე მაღალი აქვს და დარტყმის სიზუსტითაც სჯაბნის არგენტინელს. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „რეალმა" კრიშტიანუს სანაცვლოდ „მანჩესტერს" 94 მილიონი ევრო გადაუხადა.

2. ლიონელ მესი („ბარსელონა") – 70 მილიონი ევრო. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, „ბარსელონა" მესის რომ შეელიოს, 70 მილიონზე ბევრად მეტს დააფასებს, მაგრამ არგენტინელს სპეციალისტები 70 მილიონ ევროზე მეტად არ აფასებენ. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელი ახლა პიკშია და, წესით, ამაზე ზემოთ ვერ წავა, მაგრამ „ბარსას" პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ, ორიოდე თვის წინ თქვა, თუ ლეოში მეოთხედ მილიარდს გადაიხდიან, გავყიდიო.

3. რიკარდო კაკა („რეალი") – 60 მილიონი ევრო. თითქმის რონალდუს ფასი დაჯდა კაკაც, მაგრამ ახლა რიკარდოში ამდენს არავინ გადაიხდის და ეს არა იმიტომ, რომ ბრაზილიელს თამაში არ შეუძლია, უბრალოდ, კაკას მადას ბევრი კლუბი ვერ დააკმაყოფილებს. წელიწადში 10 მილიონი ევრო არცთუ ისე იოლი მოსაძებნია.

4. სტივენ ჯერარდი („ლივერპული") – 50 მილიონი ევრო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ლივერპულის" კაპიტანი მომავალ სეზონშიც მერსისაიდელთა რიგებში დარჩება და მისი ფასი, მინიმუმ, განახევრდება, რადგან 30 მაისს ჯერარდი 30 წლის ხდება და ამ ასაკს გადაცილებულ ფეხბურთელში 25 მილიონსაც კი ძნელად გაიღებს ვინმე.

5. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა") – 50 მილიონი ევრო. კატალონიური სკოლის აღზრდილმა ინიესტამ არაერთხელ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება „ბარსელონაში" სურს და კლუბთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. სასწაული უნდა მოხდეს, ანდრესმა გუნდი რომ გამოიცვალოს და, თუ ამის სურვილი ექნება, ამ თანხის გადამხდელი არაერთი კლუბი მოინახება.

6. ხავი ერნანდესი („ბარსელონა") – 50 მილიონი ევრო. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა ხავის შემთხვევაშიც. ისიც „ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, მასაც გრძელვადიანი კონტრაქტი უმაგრებს ზურგს და კარიერის დასრულებას ისიც კატალონიურ გრანდში აპირებს.

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ბარსელონა") – 46 მილიონი ევრო. არავინ იცის, რამდენ ხანს დაყოფს შვედი ფორვარდი „ბარსელონაში", მაგრამ, თუ კლუბის გამოცვლას გადაწყვეტს, ეს დროზე უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანდში გადასვლა გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ იბრაჰიმოვიჩი ფიზიკურად ძალიან დიდია და, როგორც ექიმები ამბობენ, კარიერას მალე დაასრულებს, რადგან მისი მუხლების ხრტილები ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებს.

8. ფერნანდო ტორესი („ლივერპული") – 46 მილიონი ევრო. თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, რისი ალბათობაც დიდია, მაშინ ტორესის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ფეხბურთელი მუდმივად აცხადებს, კარიერას ისე არ დავასრულებ, ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მაინც არ მოვიგოო და, თუ „ლივერპულმა" ასე გააგრძელა, ოცნების ასრულების შანსი ფერნანდოს პრაქტიკულად აღარ ექნება. მის სანაცვლოდ დასახელებული თანხის გადახდაზე მზადყოფნა რომან აბრამოვიჩმა უკვე გამოთქვა.

9. დავიდ ვილა („ვალენსია") – 45 მილიონი ევრო. ანალოგიურის თქმა შეიძლება ვილაზეც: ჩემპიონთა ლიგის მოგება მასაც სურს, მაგრამ, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რომ ეს „ვალენსიასთან" ერთად მოახერხოს და, მომავალი სეზონის ბოლოს იგი ან „რეალში" გადავა, ან რომელიმე ინგლისური გრანდის მაისურს მოირგებს.

10. ფრენკ ლამპარდი („ჩელსი") – 45 მილიონი ევრო. „ჩელსის" ერთ-ერთი ლიდერი ძვირი კი ღირს, მაგრამ საეჭვოა, ფრენკმა კლუბის გამოცვლა მოისურვოს. სხვა თუ არაფერი, იგი რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს და რუსი ოლიგარქის იახტითაც სეირნობს ხოლმე. ამას კი სხვაგან თუნდაც იმიტომ ვერ მოახერხებს, რომ აბრამოვიჩის დარი იახტა მსოფლიოში არავის ჰყავს.

11. უეინ რუნი („მანჩესტერი") – 42 მილიონი ევრო. რუნის მადრიდის „რეალში" კრიშტიანუ რონალდუ ექაჩება და, თუ კლუბის გამოცვლა თავად ფეხბურთელმაც მოისურვა, ესპანელებს დასახელებული თანხის გადახდა არ გაუჭირდებათ. სხვა საქმეა, დასთანხმდება თუ არა „რეალი" რუნისთვის კვირაში 120 ათასი ფუნტის გადახდას.

12. სესკ ფაბრეგასი („არსენალი") – 40 მილიონი ევრო. „ბარსელონას" სკოლის აღზრდილს კატალონიური კლუბი ისევ თავისთან ეპატიჟება, მაგრამ არსენ ვენგერი კლუბის კაპიტანს კბილებით იჭერს. ექსპერტთა ვარაუდით, თითქმის გამორიცხულია, ფრანგმა სპეციალისტმა ფაბრეგასი მიმდინარე სეზონის შემდეგაც შეინარჩუნოს.

13. სამუელ ეტოო („ინტერი") – 40 მილიონი ევრო. კამერუნელი ფორვარდი სამშობლოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება. მას „ინტერში" წლიურად 10 მილიონ ევროს უხდიან და ამის ნახევარი კიდევ რეკლამებიდან აქვს. სამუელი კლუბის შეცვლას ხუთი წლის შემდეგ აპირებს და სურს, კარიერის ბოლო წელი „მალიორკაში" ითამაშოს. მაშინ მისი ფასი,
ალბათ, 2 მილიონზე მეტი არ იქნება.

14. ფრანკ რიბერი („ბაიერნი") – 40 მილიონი ევრო. ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი, რომელიც ზაფხულში განხორციელდება, რიბერის „რეალში" გადასვლაა. ფრანგი ნახევარმცველი ამას არც მალავს და ახლა ყველა მხარე ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დადგომას ელოდება.

15. სერხიო აგერო („ატლეტიკო") – 36 მილიონი ევრო. დიეგო მარადონას სიძე, სავარაუდოდ, „ინტერში" გაიყიდება. იტალიური კლუბის პრეზიდენტმა დიეგოს პირადად სთხოვა, ეს ტრანსფერი „გამაჩარხვინეო" და, იმის გათვალისწინებით, რომ აგეროს ამჟამინდელი ხელფასი 2 მილიონი ევროც ვერ არის, „ინტერში" კი ოთხ მილიონს ჰპირდებიან, მარადონას მისი „შეხუჭუჭება" არ უნდა გაუჭირდეს.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 483

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ