თუ თმა გცვივათ - 16 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » თუ თმა გცვივათ
12:23 PM
თუ თმა გცვივათ
თუ თმა გცვივათ


თმის ცვენის უამრავი მიზეზი არსებობს. მათგან უმთავრესია:

• გენეტიკური წინაპირობები;
• ჰორმონალური დარღვევები;
• იმუნიტეტის დაქვეითება;
• თავის კანის ინფექციური დაავადებები (სებორეა, დერმატიტი და სხვ.);
• ორგანიზმის შინაგანი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატოპათია, ანემია და სხვ.);
• ჰორმონალური პრეპარატების ან ქიმიოთერაპიის კურსი;
• არასაკმარისი სისხლის მიწოდება თავის კანისა და თმის ძირებისთვის;
• გარეგანი აგრესიული ფაქტორების მოქმედება (თმის ღებვა, ქიმიური დახვევა, თმის დავარცხნა);
• მშობიარობის შემდგომი პერიოდი;
• ეკოლოგიური ფაქტორები;
• საერთო ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ გადატანილი ოპერაციები;
• არასწორი კვება;
• სტრესები.

თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ სერიოზული ავადმყოფობა და თმა ამის გამო გცვივათ, საკმარისია დასუსტებული იმუნიტეტის აღდგენა, რომ თმამ ძლიერება და ბზინვარება დაიბრუნოს.

თუ თავის კანის რაიმე დაავადება გაწუხებთ, პირველ რიგში, ამ დაავადებას უნდა უმკურნალოთ, რათა თმა მწყობრში ჩადგეს.

ზამთრის პერიოდში, ძალიან სქელი და თავზე მოჭერილი ქუდის ტარებამ, შესაძლოა, თავის კანის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეცვალოთ თქვენი ქუდი უფრო კომფორტული და ჰიგიენური თავსაბურავით. თმის ცვენის პრობლემა თავისთავად გაქრება.

მხოლოდ ამ არასასურველი წინაპირობების განსაზღვრის შემდეგ დაიწყეთ თმის ნორმალური ზრდის პროცესის აღდგენაზე ზრუნვა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თმის მოვლისთვის:

• ყოველ საღამოს, ძილის წინ, თმა მასაჟორიანი სავარცხლით დაივარცხნეთ.

• გაცილებით ეფექტურია თმის ძირების გაძლიერება ხელების მასაჟით. გაიკეთეთ თითებით წრიული მოძრაობები თავის კანის აქტიური გაწმენდისთვის 3-ჯერ _ თავის ყველა პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით. იგივე მოძრაობები გაიმეორეთ 3-ჯერ _ ცენტრიდან პერიფერიებისკენ. ასეთი მასაჟი ჩაიტარეთ ყოველ დღე 3-4 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, დღეში ორჯერ _ დილას და საღამოს.

• გაანებივრეთ თქვენი თმა მკვებავი ზეთის ნიღბებით. კასტორისა და ბირკავას ზეთი აჩერებს თმის ცვენას. აირჩიეთ რომელიმე მათგანი. აფთიაქში შეიძინეთ В ვიტამინი კაფსულებში. ერთი კაფსულა შეურიეთ 2 სუფრის კოვზ ზეთს და თმაში შეიზილეთ. თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზევიდან პირსახოცი მოიხვიეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

• კვირაში ერთხელ გაიკეთეთ რძის პროდუქტების ნიღაბი. ჩუმა-მაწონი და სხვა რძის პროდუქტები მდიდარია В1 ვიტამინით, რომელსაც თმის ზრდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

• გამოიყენეთ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი, რომლის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება.

• ნუ დაივარცხნით სველ თმას. ეცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენოთ თმის დავარცხნის საშუალებები, მათ შორის ფენი და თმის გასასწორებელი უთო.

• მიირთვით В ვიტამინისა (კუდღლის ხორცი, მწვანე ბარდა, ბურღულეული, ბატკნის ხორცი) და С ვიტამინის (კივი, ციტრუსები)Сშემცველი პროდუქტები.

ხალხური მედიცინა გირჩევთ

• თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია კოსმეტიკური თიხისა და ზღვის მარილის ნიღბების საშუალებით. შეიზილეთ მათი მასა თმაში, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თიხასა და ზღვის მარილს ადრსობრირების თვისება გააჩნიათ და თმის ფოლიკულებს ზედმეტი ცხიმისგან ათავისუფლებენ.

• თმის ნიღბების დამზადება შეიძლება სხვადასხვა ბალახეულისგან. თერმოსში მოამზადეთ სალბის (შალფეი), კრაზანას ბალახის, ჭინჭრისა და უკვდავას (ნეგო) ნახარში (თითოეული ბალახი 1/2 ჩაის კოვზის ოდენობით ერთ ჭიქა წყალზე), გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ უფერო ხნა და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე დაბანის წინ.

• თმის ხშირი ცვენის დროს, შესაზელად გამოიყენეთ წითელი წიწაკის ნაყენი. 1 წილ წიწაკას დაასხით 10 წილი 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ 6-7 დღის განმავლობაში და გადაწურეთ. შემდეგ გააზავეთ ადუღებული წყლით, ურთიერთშეფარდებით 1:10. კვირაში 2-3 ჯერ შეიზილეთ თმის ძირებში. პროცედურის ჩატარება სასურველია ღამით.

• თუ თქვენი თმის ცვენა მშობიარობის ან მენოპაუზის დროს ორგანიზმში ჰორმონალური მოჭარბებით არის გამოწვეული, უბრალოდ, უნდა მოიცადოთ, სანამ ორგანიზმი ჩვეულ ჰორმონალურ ფონს აღიდგენს. თუმცაღა, ლოდინთან ერთად, ჩაიტარეთ ზევით აღწერილი პროცედურები, რათა თმის ცვენა მინიმუმამდე დაიყვანოთ.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 675

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ